ჟოზეპ ბორელი - რუსეთიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ ევროკავშირმა უკრაინა უნდა გააძლიეროს
ჟოზეპ ბორელი - რუსეთიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ ევროკავშირმა უკრაინა უნდა გააძლიეროს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატის, ჟოზეპ ბორელის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიზანია, რუსეთსა და ევროკავშირს შორის „დემოკრატიული ქვეყნების წრე შეიკრას.“ ეს განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გამოსვლის დასაწყისში ბორელმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა დაასახელა.

მისივე თქმით, რუსეთიდან მომავალი საფრთხის საპასუხოდ ევროკავშირმა უკრაინა უნდა გააძლიეროს. ბორელმა ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მნიშვნელობაზეც.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის მეთოდი, ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყნების წრე ჩვენსა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უნდა გააქტიურდეს საგარეო ასპარეზზე და უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავოს. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე უნდა გააგზავნოს საზღვრებს გარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის და მათ შორის ახლო სამეზობლოში.

„ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და წესებს ადგენს. ჩვენ ძლიერი და ერთიანი სავაჭრო პოლიტიკა გაგვაჩნია. ის ძლიერია, რადგან ერთიანია. ჩვენ ვართ ლიდერები 2030 წლის დღის წესრიგის განსაზღვრის საქმეშიც. ჩვენი დიპლომატიური შესაძლებლობები ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე და გავაძლიეროთ სამხედრო შესაძლებლობები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ევროკავშირმა უნდა ისწავლოს „ძალის ენის“ გამოყენება“, – განაცხადა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის ორ მთავარ გამოწვევად მან კლიმატის ცვლილებები და მიგრაცია დაასახელა. თავის გამოსვლაში მან ასევე ახსენა რუსეთი და ჰიბრიდული საფრთხეები, რომელის წინაშეც ევროკავშირი დგას.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, ვიდრე ის ქცევას არ შეცვლის“, – განაცხადა ესპანელმა დიპლომატმა.

ჯოზეპ ბორელი ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზეა წარდგენილი. ევროპარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში ის ფედერიკა მოგერინის ადგილს დაიკავებს.