ჟოზეფ ბორელმა ერაყის ხელისუფლებას ბელარუსში ფრენების შეწყვეტისთვის მადლობა გადაუხადა
ჟოზეფ ბორელმა ერაყის ხელისუფლებას ბელარუსში ფრენების შეწყვეტისთვის მადლობა გადაუხადა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ერაყში იმყოფება, სადაც მიგრანტების პრობლემის გადაჭრას ცდილობს. მან შეხვედრა გამართა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაუდ ჰუსეინთან.

როგორც „ეუ ობზერვერი იუწყება, ბორელმა მადლობა გადაუხადა ერაყის ხელისუფლებას ბელარუსთან ფრენების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

როგორც გამოცემა წერს, ერაყმა ბელარუსის მიმართულებით ფრენები ივლისში შეწყვიტა და პირობა დადო, რომ რეისებს 2021 წელს აღარ განაახლებს.

ერაყში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას უკან მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრას უკანონოდ ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ბელარუსს „ჰიბრიდულ აგრესიაში“ ადანაშაულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტები განზრახ ჩაჰყავს ლატვიის, ლიეტივისა და პოლონეთის საზღვრებთან. ევროკავშირში ამტკიცებენ, რომ ლუკაშენკოს მთავრობა ასე პასუხობს ბრიუსელის მიერ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

დატოვე კომენტარი