ჟოზეფ ბორელი - რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა ამ ეტაპზე არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, ევროკავშირი თავდასხმის შემთხვევისთვის სანქციებს ამზადებს
ჟოზეფ ბორელი - რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა ამ ეტაპზე არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, ევროკავშირი თავდასხმის შემთხვევისთვის სანქციებს ამზადებს

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი თავდასხმის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი. ამასთან, ევროკავშირი თავდასხმის შემთხვევისთვის სანქციებს ამზადებს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბორელი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, უკრაინაზე განხორციელდეს კიბერთავდასხმა, როგორც გასულ კვირას.

„ჩვენ განვაგრძობთ სანქციების მზადებას ასეთი შემთხვევისთვის, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაცია გვარწმუნებს, რომ ვიდრე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვიდრე რუსეთის სამხედრო მობილიზება დასრულებული არ არის, ის კი ჯერ არ დასრულებულა, უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი თავდასხმის შესაძლებლობა არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი. არსებობს თავდასხმის სხვა გზები, როგორიც არის კიბერთავდასხმები, იმის მსგავსი, რომელიც უკრაინის მთავრობამ რამდენიმე ვებგვერდზე გადაიტანა“, – აღნიშნა ბორელმა სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას ემსახურებოდა. მან ევროკავშირის სახელით კიევის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პენტაგონსა და თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს.