ჟოზეფ ბორელი - რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში
ჟოზეფ ბორელი - რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოში

რუსეთის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და ყველაზე მთავარია, რომ უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე წერს.

„რუსეთმა გაუგზავნა აშშ-ს და ნატო-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ამას თან ახლავს უკრაინის საზღვარზე სამხედრო მობილიზაცია და მუქარა რუსეთისგან, რომ მისი მოთხოვნები თუ არ შესრულდება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს. ორი რამ ცხადია – ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ბორელი.

მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართება ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თქმით, „რუსეთი ცდილობს, გამოიწვიოს ცივი ომის შემდგომ წარმოქმნილი პოლიტიკური წესრიგი“.

„არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეთანხმებასა თუ ალიანსში ყოფნა, როგორც ეს პარიზის ქარტიით არის განსაზღვრული. ამ ფუნდამენტური პრინციპის ეჭვქვეშ დაყენებით მოსკოვი იქცევა, როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის თვალთახედვით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ შვედეთსა და ფინეთსაც.

მეორე და მესამე არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში. რუსეთი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ ამას თან ურთავს მზარდ სამხედრო ზეწოლას უკრაინის საზღვარზე და ემუქრება კიევს ახალი ინტერვენციით, ვიდრე მოსკოვის ყველა მოთხოვნა არ შესრულდება“, – წერს ჟოზეფ ბორელი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის თქმით, ამასთან ერთად, რუსეთი ცდილობს, ევროკავშირი „არარელევანტურ“ ორგანიზაციად წარმოაჩინოს და გაწყვიტოს აშშ-ისა და ევროპის სტრატეგიული კავშირი.

„რუსეთს სურს, ჩვენ დავთანხმდეთ მის გადამწყვეტ გავლენას უკრაინაში, ბელარუსში, რომ არაფერი ვთქვათ ცენტრალურ აზიაზე. ცენტრალური აზია რომ შედის რუსეთის მიერ წარდგენილ რუსეთის უსაფრთხოების პერიმეტრში, ცხადყოფს, რომ ნატო-ს საკითხი არის მხოლოდ საბაბი, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნები არ არიან ნატო-ს წევრობის კანდიდატები“, – აცხადებს ესპანელი დიპლომატი.

მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული ამოცანა შესაძლოა, იყოს ევროპაში საბჭოთა გეოპოლიტიკური ზღუდის აღდგენა და ევროპისა და აშშ-ის დაშორება. ბორელის განცხადებით, ეს მიუღებელია, მაგრამ რუსეთთან დიალოგი მაინც აუცილებელია.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ მკაფიო პოზიციით, თუ რისი მიღწევა გვსურს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გარშემო მიმდინარე დისკუსიებზე. მეტიც, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და წვლილი შევიტანოთ პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ, ევროპელები უნდა ვიყოთ ერთიანები და მოვახდინოთ ჩვენი პასუხის ფორმულირება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი აასრულებს მუქარას უკრაინისადმი ან ევროპის უსაფრთხოების წესრიგისადმი“ – წერს ბორელი.

მისი განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითად პრინციპებთან დაბრუნება, რაც გაწერილია ჰელსინკის ქარტიაში, პარიზის ქარტიაში, ნატო-რუსეთის შეთანხმებასა და ნდობის აღდგენის შესახებ ეუთო-ს ვენის დოკუმენტში.

ამასთან ერთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან ერთად კრიზისების მართვის უფრო ეფექტური მექანიზმის შექმნას და ასევე კონფლიქტების პრევენციის მუდმივი, ოპერატიული მექანიზმების ჩამოყალიბებას.

ბორელი ასევე წერს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას მოჰყვება საფასური და შედეგი. ბორელის თქმით, ევროკავშირს უნდა იყოს მზად კოორდინირებული სანქციების დაწესებისთვის და სხვა ქმედებებისთვის.

„ჩვენ არ ვართ სამხედრო კავშირი, მაგრამ ევროკავშირს აქვს გზები, საშუალებები საკუთარი და პარტნიორების უსაფრთხოების ინტერესების წინ წასაწევად. ეს მოიცავს ჩვენი სამუშაოს გაფართოებას რუსეთიდან მომავალ დეზინფორმაციასთან და კიბერსაფრთხეებთან საბძოლველად, ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადობის განმტკიცებას, რაც ნიშნავს ენერგიის განახლებადი წყაროების სწრაფ განვითარებას, იმპორტის დივერსიფიკაციას, ასევე უკრაინისა და მისი სუვერენიტეტის მხარდაჭერის გაზრდას, რათა უკეთ შეძლოს რუსეთის ზეწოლასთან გამკლავება.

ნატო-სთან და ეუთო-სთან ერთად ევროკავშირი ევროპის უსაფრთხოების გადამწყვეტი მოთამაშე გახლავთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა რუსეთთან კრიზისის დროს, რათა განვამტკიცოთ ერთობა, რომ დავიცვათ ჩვენი და მთელი კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესები“, – წერს ბორელი.

დატოვე კომენტარი