ჟოზეფ ბორელი მოსკოვში ვიზიტის დროს უკრაინასა და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მოსკოვის ქცევას განიხილავს

16:23, 29.01.2021

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი მოსკოვში ვიზიტის დროს „უკრაინასა და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მოსკოვის ქცევას“ განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟოზეფ ბორელი მოსკოვში 4 თებერვალს გაემგზავრება და ვიზიტი 6 თებერვლამდე გაგრძელდება. ეს 2017 წლის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში.

„ეს ვიზიტი შექმნის შესაძლებლობას, უფრო ფართო დისკუსია გვქონდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან, რაც წინ უსწრებს ევროსაბჭოში მარტში დაგეგმილ სტრატეგიულ დისკუდიას, რომელზეც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებს განვიხილავთ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთში ვიზიტის დროს განიხილავს მოსკოვის ქცევას უკრაინას და მეზობელ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბორელი სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს ირანთან 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმების შესრულების მნიშვნლობაზე, პანდემიაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებასა და რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ სხვა პრობლემებზე.

მსგავსი