ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან
ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ზრდის გარე საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობებს.
„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი ჩვენს სხვა პარტნიორებთან, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ შიდა მდგრადობის გაძლიერება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე მნიშვნელოვანია გარე საფრთხეებთან გამკლავების მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს მიმდინარე რეფორმებზე მუშაობა“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთი და ევროპული უსაფრთხოება იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ძლიერი ერთიანობა და ჩვენი ერთიანი მიდგომა ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისადმი. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა და საბჭოში ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე ევროკავშირის სახელით უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
„რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაცია უკრაინაში და მის გარშემო და რუსეთის მცდელობა, აღადგინოს გამყოფი ხაზები ჩვენს კონტინენტზე, ძირს უთხრის ძირითად საფუძვლებსა და პრინციპებს, რომლებზეც აშენებულია ევროპული უსაფრთხოება და აბრუნებს ბნელ მოგონებებს გავლენის სფეროების შესახებ, რომელთა ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინისადმი ჩვენს სრულ და უდავო მხარდაჭერას. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ სამხედრო აგრესიას მოჰყვება სერიოზული შედეგები და ძვირი დაუჯდება დამნაშავეს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მინისტრებსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის პოზიციების გაცვლა-გამოცვლა მოხდა. როგორც ბორელმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროკავშირს შორის მუდმივი კოორდინაცია, მოლაპარაკებები და ინფორმაციის გაცვლა მიმდინარეობს.
როგორც ბორელმა განაცხადა, დიპლომატიური ძალისხმევა გაგრძელდება იმის მიუხედავად, რომ რუსეთის რიტორიკა დიდ ნდობას არ იწვევს. ამასთან, მისი თქმით, თუ დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს, ევროკავშირი ამზადებს პასუხებს რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე. „ეს იქნება სწრაფი და გადამწყვეტი ქმედება ძლიერი ერთიანობით არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ საერთაშორისო ფარგლებში“, – აღნიშნა მან.
ბორელის ცნობით, უკრაინაში იგეგმება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ვიზიტი, რა დროსაც ისინი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას განიხილავენ.
ამას გარდა, ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის, უკრაინას კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში გაუწიოს დახმარება.