ჟოზეფ ბორელი - ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზმომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს
ევროკავშირი გაზით მომარაგებაზე აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა პერსონალურ ბლოგში დაწერა.
ბორელის თქმით, ევროკავშირი მზად არის დიპლომატიის ჩავარდნის შემთხვევისთვის და ყველა სახის ვარიანტს განიხილავს. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიუსელი ასევე განიხილავს ექსპორტის კონტროლის ზომებს, რაც ითვალისწინებს რუსეთისთვის ისეთი პროდუქტების დაბლოკვას, რომლებიც მოსკოვს სტრატეგიული ამბიციების შესასრულებლად სჭირდება.
„ევროკავშირი უარს არ იტყვის უკრაინის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერაზე. უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეზობელია: მისი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, – წერს ბორელი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საბოლოო ინტერესია, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და კონფლიქტები, რომლებიც ბოლო წლებში ზრდის უნდობლობასა და ანტაგონიზმს ევროპაში, მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.