ჟოზეფ ბორელი ბელარუსში ოპოზიციონერების გატაცებისა და თვითნებური დაპატიმრების შემთხვევებს გმობს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი ბელარუსში ოპოზიციონერთა გატაცებისა და თვითნებური დაპატიმრების შემთხვევებს გმობს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერით“ ავრცელებს.
„ბელარუსში თვითნებური დაკავებები და პოლიტიკური ნიშნით გატაცებები, მათ შორის, დღეს დილით ხისტი ქმედება ანდრეი ეგოროვის, ირინა სუხიისა და მარია კოლესნიკოვას წინააღმდეგ მიუღებელია. მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მოქალაქეების დაშინება, ასევე საკუთარი კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა“, – წერს ბორელი.
შეგახსნებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა მინსკის ცენტრიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს.