ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ შეადგინა ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სიმბოლური ნაკრები.

„კარში ადგილი უკავია „ლივერპულის“ მეკარე ალისონს, განსაკუთრებით მისი ფინალში გამოსვლის გათვალისწინებით. საჭირო მომენტში ის დაეხმარა გუნდს წარმატების მიღწევაში.

განაპირა მცველების დუეტსაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის წევრები შეადგენენ – ენდრიუ რობერტსონი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. ისინი ფენომენალური ათლეტები არიან – ფიზიკურად განვითარებული და მინდორზე აგრესიულები. თითოეული მათგანი ზომიერად ქედმაღალია და არ ეშინია თამაშის საკუთარ თავზე აღება.

დაცვის ცენტრი. ვირჯილ ვან დეიკი – მეფეა. ტოპ-დონის ფეხბურთელი და მინდორზე შთამბეჭდავი ლიდერი. მის გვერდით უნდა დადგეს მატეის დე ლიგტი. ის ბევრი მნიშვნელოვანი გოლის ავტორი გახდა, შესანიშნავად ითამაშა საკუთარ პოზიციაზე და დაამტკიცა, რომ ღირსია სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის.

ნახევარდაცვის ცენტრი. რა თქმა უნდა, სასურველია ისევ „ლივერპულის“ წარმომადგენელთა აღნიშვნა, მაგრამ კლოპმა ამ ხაზში ბევრი ვარიანტი სცადა. „ბარსელონასთან“ მატჩში გაიბრწყინა ვიინალდუმმა, მაგრამ ასევე მოასწრეს თამაში ნაბი კეიტამ, ჯეიმს მილნერმა, ფაბინიომ. ამიტომაც ჩემს არჩევანს შევაჩერებ ახალგაზრდა დუეტზე „აიაქსიდან“ – ფრენკი დე იონგი და დონი ვან დე ბეეკი. ამ ბიჭებს ბრწყინვალე მომავალი აქვთ. მათ გვიჩვენეს, რომ შეუძლიათ წარმატებით თამაში არა მხოლოდ საშინაო მატჩებში, არამედ გასვლით შეხვედრებში „რეალთან“ და „იუვენტუსთან“.

მესამე ცენტრალური ნახევარმცველი იქნება კრისტიან ერიქსენი „ტოტენჰემიდან“. მან ვერ აჩვენა საუკეთესო თამაში ფინალში, აგრეთვე, უხეში შეცდომა დაუშვა „აიაქსთან“, მაგრამ დაიმსახურა ადგილი სიმბოლურ ნაკრებში.

ვინ შეადგენს ფორვარდების სამეულს? აქ არ იქნება კრიშტიანუ რონალდუ, რადგან „იუვენტუსი“ ვერ მივიდა ფინალამდე. თავდამსხმელების ტრიო იქნება – მოჰამედ სალაჰი, სადიო მანე და ლიონელ მესი“, – მოჰყავს „რაშა თუდეის“ (RT) მოურინიოს სიტყვები.