ჟოზე მოურინიო - 2023 წლის ევროპალიგის ფინალი „რომას“ არ წაუგია #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო - 2023 წლის ევროპალიგის ფინალი „რომას“ არ წაუგია #1TVSPORT

ევროპალიგის ახალ სეზონს იტალიური „რომა“ მოლდოვაში იწყებს, სადაც ტირასპოლის „შერიფს“ შეხვდება. ჟოზე მოურინიოსთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩი იქნება, რადგან მისი და „შერიფის“ გზები აქამდე არასდროს გადაკვეთილა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟოზემ ევროპალიგის გასული სეზონის გათამაშება გაიხსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ფინალში მარცხს არ იმსახურებდა.

„ეს შარშანდელისგან განსხვავებული სეზონია. კარიერის ბოლო დღემდე და მის შემდეგაც გავაგრძელებ იმის თქმას, რომ ბუდაპეშტში ფინალი არ წაგვიგია. ამას აღვნიშნავ ყოველ ჯერზე, როცა ამ თემაზე ჩამოვარდება ლაპარაკი.

წელს ჩვენი მიზანი ევროპალიგაზე შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ჯგუფის მოგება მნიშვნელოვანი იქნება,“ – განაცხადა 60 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში „რომამ“ ევროპალიგის ფინალი „სევილიასთან“ დათმო. „მგლები“ პაოლო დიბალას გოლით იგებდნენ, მაგრამ წონასწორობა ჯანლუკა მანჩინის ავტოგოლით აღდგა, პენალტების სერიაში კი ანდალუსიელებმა იმარჯვეს.

ფინალის მერე მოურინიომ მთავარი არბიტრი ენტონი ტეილორი ისე მკაცრად გააკრიტიკა, რომ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა. აქედან გამომდინარე, ჯგუფში ჩასატარებელი შეხვედრების უმეტესობისთვის ცქერა მას ტრიბუნიდან მოუწევს.