„ვალენსიას“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩის შემდეგ მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა. მენეჯერმა ფეხბურთელების ფორმაზე, თამაშზე და კვალიფიკაციაზე ილაპარაკა.
„ვფიქრობ პირველ ტაიმში ძალიან პასიურები ვიყავით. ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ არც ამბიცია და არც ჟინი არ გვქონდა იმისა, რომ გაგვეტანა. მეორე ტაიმში, ჩემი საუბრის შემდეგ, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერი შეიცვლებოდა. თუმცა ჩვენ მეორე ნახევარი ავტოგოლით დავიწყეთ, რამაც „ვალენსიას“ თამაშის კონტროლის უფლება მისცა. შემდგომ მე ორი ცვლილება განვახორციელე და გუნდი უკეთესად ათამაშდა. დავიწყეთ შემტევი, სწრაფი და მოწინააღმდეგისთვის საშიში თამაში. ვფიქრობ, 2-2 მაინც უნდა დამთავრებულიყო, რადგან ანგარიშის გასათანაბრებლად რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. მაინც მივიჩნევ, რომ ყველაფერი პირველმა ტაიმმა გააფუჭა, რადგან ზედმეტად რბილ და მოწინააღმდეგისათვის კომფორტულ თამაშს ვთამაშობდით.“ – თქვა მაურინიომ.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჯგუფური ეტაპიც შეაფასა და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგით კმაყოფილია –
„რაც მთავარია ჩვენ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ, დავალება შესრულებულია. ძალიან რთულ ჯგუფში ვიყავით. არ ვამბობ, რომ ბრწყინვალედ წარვდექით მაყურებლის წინაშე, მაგრამ საკმარისი ქულები დავაგროვეთ ჯგუფიდან გასასვლელად. „ლიგის“ დაწყებამდე რომ გეთქვათ ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა მეორე ადგილით, მაშინათვე გიპასუხებდით, რომ კი, დიახ, შესანიშნავია. „იუვენტუსი“ თავიდანვე ფავორიტი იყო, „ვალენსია“ კი ძალიან უხერხული მოწინააღმდეგეა. ჩვენ ძალიან კარგად ვიასპარეზეთ, რადგან ბოლო მომენტში პირველ ადგილზე დამთავრების შანსებიც კი გვქონდა.რაც შეეხება კენჭისყრას, ზოგადად არასდროს არ მიმართლებს ხოლმე. თუმცა ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, „ოლდ ტრაფორდი“ დარწმუნებული ვარ, რომ საოცარ დახვედრას მოუწყობს.“