ჟოელ გარიო-მელამი - საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის კუთხით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ვიცი, ქართველი ხალხი ამას გააკეთებს
ჟოელ გარიო-მელამი - საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის კუთხით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ვიცი, ქართველი ხალხი ამას გააკეთებს

ნატო-სკენ გზაზე ყოველთვის რჩება ხოლმე ის, რაც კიდევ პროგრესს საჭიროებს, მაგრამ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბევრი მიმართულებით, მაგალითად, გამჭვირვალობის კუთხით, კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის ადაპტირებაში. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ვიცი, რომ ქართველი ხალხი ამას აუცილებლად გააკეთებს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახალმა პრეზიდენტმა, ჟოელ გარიო-მელამიმ განაცხადა.

როგორც მელამიმ ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო აუცილებლად მიაღწევს წარნატებას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„იმდენი პრიორიტეტი მაქვს, რთული იქნება, ყველაფერი ჩამოვთვალო. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ჩემს გულთან ახლოსაა. შვიდჯერ ვარ ნამყოფი თქვენს ქვეყანაში. ჩვენი პირველი ანგარიში საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დავწერე 2014 წელს. მინდოდა და მინდა, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატო-ში, მუდმივად ვლობირებდი ამ საკითხს, ჯერჯერობით ეს შედეგი არ დამდგარა, მაგრამ ხომ იცით, ყოველი ნაბიჯი ღირებულია. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას, ბევრჯერ მითქვამს ეს საქართველო დელეგაციის წევრებისთვის. ხაზი უნდა გავუსვა, რომ შესანიშნავი პარლამენტარები გყავთ, რომლებიც ძალიან კარგები არიან თქვენი საკითხების წინ წამოწევის საქმეში. ასე რომ, საქართველო იქნება ჩემი პრიორიტეტი. ნატო-სკენ გზაზე ყოველთვის რჩება ხოლმე ის, რაც კიდევ პროგრესს საჭიროებს, მაგრამ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ბევრი მიმართულებით, მაგალითად, გამჭვირვალობის კუთხით, კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის ადაპტირებაში. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ ვიცი, რომ ქართველი ხალხი ამას აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა ჟოელ გარიო-მელამიმ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ჟოელ გარიო-მელამი დღეს აირჩიეს. არჩევის შემდეგ ჟოელ გარიო-მელამიმ პირველი კომენტარი ქართულ მედიასთან გააკეთა.