ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT
ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT

36 წლის ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ გამოაცხადა, რომ წლევანდელი როლან გაროსის შემდეგ დაასრულებს კარიერას.

ცონგამ პროფესიულ დონეზე თამაში 2004 წელს დაიწყო და ამ დროის განმავლობაში ბევრს მიაღწია

* მოიგო 18 ტიტული (ორი „მასტერსი“)- ეს მეშვიდე შედეგია მოქმედ ჩოგბურთელებს შორის.

* ითამაშა ავსტრალიის ღიას ფინალში, როლან გაროსისა და უიმბლდონის ნახევარფინალსა და აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში.

* იყო მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი.

* გამოიმუშავა 22 მილიონი დოლარი – მე-18 შედეგი ისტორიაში.

ცონგას კარიერაში რამდენიმე გამორჩეული გამარჯვება ყოფილა:

* 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალის წინააღმდეგ, როცა ფრანგმა 6:2, 6:3, 6:2 მოიგო.

* 2011 წლის უიმბლდონზე როჯერ ფედერერი დაამარცხა მაშინ, როცა სეტებში 0:2 იყო ჩამორჩენილი. ბოლო სამ სეტში შვეიცარიელმა ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ აიღო.

* ყველაზე შთამბეჭდავი კი იყო 2014 წელს ტორონტოს „მასტერსზე“ გამარჯვება, როცა ცონგამ ჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო (6:2, 6:2), შემდეგ ენდი მარეის და ბოლოს ფინალში – ფედერერს.

გარდა ამისა, ცონგას ეკუთვნის ერთი ნაღვლიანი მიღწევა – ის ერთ-ერთია იმ შვიდ მოთამაშეს შორის, ვისაც „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირზე მიუტოვებია მატჩი ტრავმის გამო. სულ კი კარიერის განმავლობაში 20 სხვადასხვა ტრავმა აქვს მიღებული.