ჟიტომირის ოლქზე რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ჟიტომირის ოლქზე მიტანეს იერიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
„ჟიტომირის ოლქში, სამოქალაქო საწარმო კვლავ მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. რუსებმა კოროსტენის რაიონში ინდუსტრიულ პარკს შეუტიეს. ამჟამად ცნობილია ორი ადამიანის დაღუპვის და ორი დაშავების შესახებ, ორივე დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება“, – განაცხადა ჟიტომირის რეგიონული პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიტალი ბუნეჩკომ.
ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია საწყობსა და საწარმოო შენობაში. ადგილზე სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 56 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.
ამასთან, 18 სექტემბერს, დილით, კიევის ოლქზე რუსეთის მიერ დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაშავდა.
„თავდასხმის შედეგად ერთი კერძო სახლი განადგურდა, მეორე კი დაზიანდა. ასევე დაზიანდა მანქანა. ადგილზე მაშველები და ყველა საჭირო სამსახური მუშაობენ და თავდასხმის შედეგების დოკუმენტირებას აგრძელებენ“, – განაცხადა კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ.
რუსული მედია რუსეთის უშიშროების ძალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში ალყიდან გამოსვლის მცდელობისას დანაკარგები განიცადეს. მათივე ცნობით, უკრაინულმა ჯგუფებმა ცოცხალი ძალის ნახევარი დაკარგეს.
„ბურლუკის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ, უკრაინის შეიარაღებული ძალების 159-ე ბრიგადის ორი საბრძოლო ჯგუფით, კიდევ ერთხელ სცადა ჩორნის მახლობლად ალყიდან გამოსვლა, მაგრამ წარუმატებლად. კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად, ცოცხალი ძალის 50%-ზე მეტი განადგურდა, დანარჩენებმა კი თავდაპირველ პოზიციებზე დაიხიეს“, – ნათქვამია განცხადებაში.