ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი, ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია და დიალოგის გზის პოვნა
ჟიგიმანტას პავილიონისი - ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი, ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია და დიალოგის გზის პოვნა

კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია და დიალოგის გზის პოვნა, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ ჩვენ გვქონდა ნამდვილად კარგი საუბარი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთვის ჩნდება შესაძლებლობის ფანჯარა ვაშინგტონში ახალი ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, ასევე ევროკავშირში ახალ ენერგიასთან ერთად, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე. ასე რომ მსურს, საქართველო იყოს ჩემპიონი ამ სფეროში, რადგან საქართველო არის შუქურა კავკასიაში. კავკასიის რეგიონში რთული სიტუაცია გაქვთ და ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ამ რეგიონის სტაბილურობაში. ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი და ჩემპიონი. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შიდა სიტუაციის დეესკალაცია, დიალოგის გზის პოვნა. ის, რის თქმასაც ჩვენ ვცდილობთ და რასაც გავიმეორებთ ყველა დონეზე, ჩემს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტთან, რომელიც შესაძლოა, ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში, არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში ჩვენი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ მემარჯვენემ და მემარცხენემ უნდა იმუშაონ ერთად სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. რამდენადაც შეგვიძლია, ყველა მხარეზე მეგობრების ყოლით და მთელი გულით, საქართველოს სიყვარულით, ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ეს. არ მგონია, ოდესმე იპოვოთ ერთი პოლიტიკოსი ევროპაში, რომელიც მკერდზე ატარებს ქართულ ჯვარს. მე შემიძლია, გაჩვენოთ ის. მას ყოველ დღე ვატარებ. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ თქვენს დასახმარებლად. გთხოვთ, გააკეთოთ რაც შესაძლებელია გაერთიანებისთვის. თქვენ ხვალ გაქვთ კონსტიტუციის დღე, მომავალ კვირას კი ოკუპაციიდან 100 წლისთავი. მოდით, აღვნიშნოთ ეს თარიღები როგორც ერთიანობისა და დიალოგის დღეები. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

კითხვაზე, როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსავალს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ ყველა მხარეს უნდა შეხვდეს.

„მომეცით დრო, შევხვდე ყველა მხარეს. მე ჯერ კიდევ პროცესში ვარ. ვიმედოვნებ, რომ შევხვდები მრავალ მეგობარს სხვადასხვა კუთხიდან. შესაძლოა, ხვალ ამის თქმა შევძლო. თუმცა, მე ნამდვილად ვგრძნობ, რომ ეს თქვენს ხელშია. თქვენს პრობლემებს თან ერთვის თქვენ წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევები. შემიძლია მარტივად ვთქვა, თქვენ შესაძლოა, დაკარგოთ ყველაფერი. როდესაც მე ვიყავი ახალი დიპლომატი, მახსოვს, ჩემმა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1992 წელს მითხრა, ჩვენ ან ევროკავშირსა და ნატო-ს შევუერთდებით ან მოვკვდებით. ასე რომ თქვენ ან ლიეტუვის გზით მიდიხართ, ან ბელარუსის გზით. რომელ არჩევანს გააკეთებთ, ქართველებო? თუ გსურთ ლიეტუვის გზით სვლა, გაერთიანდით ახლა, ვიდრე ძალიან გვიანი არაა. ეს დაგვიანებული იქნება, როდესაც თქვენ კვლავ იხილავთ რამე სახის დაძაბულობას თქვენს ქუჩებში. პრობლემა არის იმაში, რომ რუსეთს არ სჭირდება ტანკი, თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს, გაერთიანდით, აჩვენეთ ერთიანობა და თქვენი დემოკრატიის სიმწიფე“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის „ქართული ოცნების“ არგუმენტები, ჟიგიმანტას პავილიონისმა აღნიშნა: „მე არ ვისურვებდი რომელიმე არგუმენტის განსჯას, მე ახლა ხიდების შენება მინდა. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ამ ხიდებისთვის. ვიმედოვნებ, ხალხი, რომელიც არ არის პარლამენტში, ასევე მზად არის ამისთვის. თუმცა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება პარტნიორები დიალოგისთვის. ჩემი იმედია, რომ ნიკა მელია იქნება წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებში, რადგან რთულია მოლაპარაკებებში მონაწილეობა ციხიდან. ვიმედოვნებ, ჩვენ ერტად ვიპოვით გამოსავალს“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.