ჟიგიმანტას პავილიონისი - არასდროს მიგვიტოვებია საქართველო, მზად ვართ, შევთავაზოთ შუამავლობა, თუმცა დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება, იყოს დაპატიმრებული
ჟიგიმანტას პავილიონისი - არასდროს მიგვიტოვებია საქართველო, მზად ვართ, შევთავაზოთ შუამავლობა, თუმცა დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, რომელიც არ შეიძლება, იყოს დაპატიმრებული

​​ლიეტუვა არის საქართველოს კარგი მეგობარი, ვიმედოვნებთ, ნიკა მელიას საჩივარი გადაწყდება დადებითად და გვექნება შესაძლებლობა, შევასრულოთ შუამავლის როლი მთავრობას, ნიკა მელიასა და მთელ ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მოვლენები თუ გაგრძელდება ქუჩაში, საქართველოს შანსები ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ შემცირდება.

„შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ვიტყვი ერთ რამეს, ლიეტუვა არის საქართველოს კარგი მეგობარი. ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია საქართველო ყველა რთულ მომენტშიც კი. ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი შუამავლობა, თუმცა დიალოგისთვის საჭიროა პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება, იყოს დაპატიმრებული. ასე რომ, ვიმედოვნებთ, ნიკა მელიას საჩივარი გადაწყდება დადებითად და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევასრულოთ შუამავლის როლი მთავრობას, ნიკასა და მთელ ოპოზიციას შორის.

ვფიქრობ, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს შანსი, რადგან ეს არის არჩევანი – წავა საქართველო ლიეტუვის გზით, თუ იქცევა ბელარუსად. თუ საქართველო ლიეტუვის გზას დაადგება, მე ვხედავ დიდ შანსს, რომ ის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. როდესაც ლიეტუვა წევრიანდებოდა ევროკავშირსა და ნატო-ში, მემარჯვენე და მემარცხენე ძალები ყოველთვის მუშაობდნენ ერთად, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე. თუმცა, თუ რეპრესიები და კონფლიქტები გაგრძელდება, მოვლენები გაგრძელდება ქუჩაში, საქართველოს შანსები შემცირდება. არიან სხვა ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა, წარმატებას მიაღწიონ, მაგალითად, უკრაინა ან მოლდოვა. ჩვენს სამეზობლოში, მაგალითად, ესტონეთი ერთადერთი იყო, რომელმაც 1997 წელს წარმატებას მიაღწია და ევროკავშირში მიიწვიეს. ჩვენ კი, ლატვიამ და ლიეტუვამ ეს მხოლოდ 1999 წელს შევძელით.

ასე რომ, ეს თქვენი არჩევანია, გსურთ თუ არა, იყოთ საუკეთესოები, გსურთ თუ არა იყოთ პროცესის ლიდერები, თუ გსურთ, იყოთ სხვადასხვა შიდა და გარე თავდასხმების მსხვერპლი და დარჩეთ რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფოს წინაშე, რომლებიც ნაკუწებად გაქცევენ. თქვენ უკვე გადაიტანეთ ომი, მართლა გსურთ, იცხოვროთ ამ სტატუს-კვოს პირობებში, რომელიც არაფრის მომტანია? ჩვენ ვიცით საკუთარი გამოცდილებით, წევრიანდები ნატო-სა და ევროკავშირში ან სიკვდილისთვის ხარ განწირული. ასე რომ, თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა. ხოლო თუ სხვა ალტერნატივა არ არის, გთხოვთ, ესაუბრეთ ერთმანეთს, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეწყვიტეთ სასამართლო საქმეები, რომლებიც ხელს არ უწყობს დიალოგს და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისთვის. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელიას საჩივარი პოზიტიურად დაკმაყოფილდება და გვეყოლება პარტნიორები დიალოგისთვის. მზად ვართ დახმარებისთვის. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი შესაძლოა, ჩამოვიდნენ ქვეყანაში. თუმცა ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ მაშინ, თუ გექნებათ დიალოგი ქვეყანაში და არა კონფლიქტები. თუ გსურთ, გაჰყვეთ ლიეტუვის გზას, გთხოვთ, აღადგინეთ დიალოგი ერთმანეთში“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ამასთან, კითხვაზე, შეხვდა თუ არა ამ დღეების განმავლობაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რაზე ისაუბრეს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ,  ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა: „მე არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მე ბევრი შეხვედრები მაქვს ბევრ მეგობართან. მე მასთან ამერიკაშიც მქონია შეხვედრა“.