კვირას, 3 მარტს, მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე ადგილობრივი რეალი ბარსელონას უმასპინძლებს. კატალონიელები მადრიდში უკვე ჩავიდნენ, სტადიონზე მისულმა ჟერარდ პიკემ კი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და „პოლიტპატიმრების განთავისუფლება“ მოითხოვა.
„ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ვიდეორეფერიზე ამდენი ლაპარაკის ნაცვლად, ამ ქვეყანაში ტელევიზიები იმ უსამართლო პროცესზე რომ საუბრობდნენ, რომელიც მადრიდში პოლიტპატიმრების წინააღმდეგ იმართება, ამ ქვეყანას გაცილებით უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა“, – თქვა პიკემ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ორი კატალონიელი ბიზნესმენისა და აქტივისტის, ჟორდი კუიშარტისა და ჟორდი სანჩესის საქმეს, რომლებსაც პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ აჯანების მოწყობას ედავება. 2017 წლის სექტემბერში კუიშარტმა და სანჩესმა ხალხმრავალი დემონსტრაცია მოაწყვეს და კატალონიის დამოუკიდებლობა მოითხოვეს, რასაც იმავე წლის 1 ოქტომბერს მადრიდის მიერ არასანქცირებული რეფერენდუმი მოჰყვა.
სასამართლო პროცესი „ორი ჟორდის“ წინააღმდეგ, როგორც მას ესპანური პრესა მოიხსენიებს, 12 თებერვალს დაიწყო და განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.