ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 53-ე რაუნდს ეხმაურებიან

02:04, 01.07.2021

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები 53-ე რაუნდს ეხმაურებიან.

„53-ე რაუნდის დროს, მონაწილეებმა შეხვედრა ორ ცალკეულ ჯგუფად გამართეს, რომელიც ფოკუსირებული იყო უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებზე. უსაფრთხოების კუთხით, ადგილზე არსებული ვითარება საერთო ჯამში შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური, თუმცა მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის დაკავებებზე, უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებზე, გადაადგილების თავისუფლებასა და კონკრეტულ ადგილებში უსაფრთხოების საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, რომელიც ეხებოდა ძალის გამოუყენებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხების ზომებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული შედგების მოგვარებაზე, როგორც ეს განსაზღვრულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით. მოლაპარაკების დროს მხარეებმა ასევე განიხილეს შესაძლო ერთობლივი ძალისხმევა პოსტპანდემიური საჭიროებების საპასუხოდ. ამასთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს მონაწილეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას ერგნეთში და აღნიშნეს, რომ აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რეგულარული შეხვედრების განახლება“,- ნათქვამია განცხადებაში

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე მონაწილის გასვლის გამო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა საკითხზე არსებითი დისკუსია ვერ შედგა.

თანათავმჯდომარეებმა კვლავ მოუწოდეს ყველა მხარეს, ნდობის აღდგენის ძალისხმევა გაზარდონ, რომ უპასუხონ უსაფრთხოების ყველა ელემენტს და უზრუნველყონ საერთაშორისი ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 2021 წლის 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი