ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთს გადაწყვეტილი აქვს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, მაგრამ ამას არ გააკეთებს დამოუკიდებლად
საფრანგეთს გადაწყვეტილი აქვს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, მაგრამ ამას არ გააკეთებს დამოუკიდებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
ბაროს თქმით, საფრანგეთი მზად არის, პალესტინის აღიარებისთვის იმ პირობით, თუ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამის მიზანი ის არის, რომ ამ იდეას შეუერთდნენ გარკვეული რაოდენობის ქვეყნები, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე, კერძოდ, პალესტინის ადმინისტრაცია და არაბული ქვეყნები.
თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნები ამ ინიციატივას არ დათანხმდებიან, მაშინ საფრანგეთი არ აღიარებს პალესტინას.
„საფრანგეთს შეეძლო, მიეღო გადაწყვეტილება, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ექნებოდა. ჩვენ არ ავირჩიეთ ეს გზა, რადგან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვინაიდან საფრანგეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რათა შევცვალოთ ვითარება და პალესტინის სახელმწიფოს არსებობა უფრო რეალური გავხადოთ“, – აღნიშნა ბარომ.
მანამდე ამ იდეის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. აპრილში მაკრონმა აღნიშნა, რომ პალესტინის აღიარებას ივნისში გეგმავდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის მაისში ირლანდიამ, ნორვეგიამ და ესპანეთმა პალესტინის აღიარების შესახებ გამოაცხადეს.