ჟან-ნოელ ბარო - ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან, მჯერა, ამ სულისკვეთებით ისაუბრეს აშშ-ში დანიელებმა და გრენლანდიელებმა
ჟან-ნოელ ბარო - ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან, მჯერა, ამ სულისკვეთებით ისაუბრეს აშშ-ში დანიელებმა და გრენლანდიელებმა

ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპულ ქვეყნებს, სრულად შეუძლიათ, დაიცვან თავიანთი ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.

ლატვიელ კოლეგასთან, ბაიბა ბრაჟესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბარომ მოკავშირეებს შორის დიალოგის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროპელების მზადყოფნა არქტიკის ტერიტორიის დასაცავად.

„ნატო-ს მოკავშირეებს, ევროპული ქვეყნებს, სრულად შეუძლიათ დაიცვან თავიანთი ტერიტორია ნებისმიერი საფრთხისგან, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მჯერა, რომ სწორედ ამ სულისკვეთებით ისაუბრეს ჩვენმა დანიელმა და გრენლანდიელმა კოლეგებმა გუშინ ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებს შორის დიალოგი შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა ბარომ.

ამასთან, ბარომ აღნიშნა, რომ ფრანგი ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე გრენლანდიაში იმყოფება, მომდევნო დღეებში კი მათი რაოდენობა გაიზრდება.

ცნობისთვის, მედიის თანახმად, საფრანგეთმა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში 15 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გრენლანდიაში ჩასულ 15 ფრანგ სამხედროს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო რესურსებით დაუჭერენ მხარს.