ჟან-ლუკ მელანშონი – საფრანგეთი არ იქნება არც ამერიკელების მხარეს და არც ვინმე სხვის მხარეს, ჩვენ არ გვინდა ომი ჩინეთთან, რადგან გამარჯვებას ვერ შევძლებთ, მე რეალისტი ვარ
მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანების, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელანშონმა ბერლინში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩინეთთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დაიწყებს.
მისი თქმით, საფრანგეთმა არ უნდა დაუჭიროს მხარი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან ომში.
„ჩვენ არ გვინდა ომი ჩინეთთან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ გვინდა, არის ის, რომ ამ ომში გამარჯვებას ვერ შევძლებთ. მე რეალისტი ვარ“, – განაცხადა მელანშონმა.
მელანშონმა ხაზი გაუსვა ტაივანის გარშემო არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ჩინეთთან ომი საფრანგეთის ინტერესებში არ შედის და მისი მოგება რეალისტური არ იქნებოდა. ამასთან, მემარცხენე პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საფრანგეთის უფრო დამოუკიდებელ საგარეო კურსს. მისი თქმით, პარიზმა არ უნდა დაუშვას, რომ ვაშინგტონის გეოპოლიტიკური ინტერესები ავტომატურად საფრანგეთის ინტერესებად იქცეს.
„ჩვენ არ ვიქნებით არც ამერიკელების მხარეს და არც ვინმე სხვის მხარეს. მოვიწვევთ ყველას, ვისაც მიუმხრობლობის ფრონტის შექმნა სურს, რომ შემოგვიერთდეს. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ, ჩვენ დავეყრდნობით მეორე მსოფლიო ომის უდიდეს მიღწევას: გაერო-ს და საერთაშორისო სამართალს. ჩვენ აღვასრულებთ მას, საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით მათ წინააღმდეგ, ვინც უარს ამბობს მის პატივისცემაზე, როგორიცაა დღეს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა“, – აღნიშნა ჟან-ლუკ მელანშონმა.
ამას გარდა, მელანშონმა გერმანიის სამხედრო შესაძლებლობების ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. მისი აზრით, ევროპაში ყველაზე დიდი კონვენციური არმიის ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, უსაფრთხოების ახალი პრობლემები შექმნას. პოლიტიკოსმა განმარტა, რომ მისი კრიტიკა გერმანელი ხალხის წინააღმდეგ არ არის მიმართული — ის გერმანიის მემარჯვენე მთავრობის პოლიტიკასა და ეკონომიკურ მოდელს აკრიტიკებს.
„თუ გერმანია გადაწყვეტს ევროპის ყველაზე დიდი კონვენციური არმიის შექმნას, ჩვენ არა უბრალოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც გვაქვს, დავსვათ კითხვა: ვის წინააღმდეგ აპირებთ ომის წარმოებას? გერმანიის ეკონომიკის ამჟამინდელი მიმართულება, სამი წლის რეცესიის შემდეგ, სამხედრო წარმოებაზე ორიენტირებულიეკონომიკისკენ ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება. არა იმიტომ, რომ ისინი გერმანელები არიან, არამედ იმიტომ, რომ სამხედრო ეკონომიკას ომამდე მივყავართ“, – განაცხადა მელანშონმა.