ჟან-კლოდ იუნკერი - ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს
ჟან-კლოდ იუნკერი - ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს

ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

იუნკერმა უპასუხა საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც პასკალ მენიემ აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არამიზნობრივად იყენებენ საფრანგეთში გადაადგილების საშუალებებს. მენიეს თქმით, იმედია, არ მოუწევთ ისეთი ზომების მიღება, რომ საქართველოსთვის კვლავ სავიზო რეჟიმი იქნას შემოღებული. ელჩის ინფორმაციით, საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა მოიმატა.

ჟან კლოდ იუნკერის თქმით კი, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთან ევროკავშირი ინარჩუნებს უვიზო რეჟიმს და პროცესი კონტროლს ექვემდებარება.

„პირველ რიგში, უნდა გადავამოწმო, სინამდვილეში რა განცხადება გააკეთა საფრანგეთის ელჩმა, რადგან არ მსურს კომენტარი სხვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. ეს სახიფათო საკითხია. არა მარტო ახლა, არამედ ყოველთვის. ჩვენ განვიხილეთ სავიზო საკითხი. მინდა გითხრათ ევროკომისიის მხრიდან, რომ ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთან ჩვენ ვინარჩუნებთ უვიზო რეჟიმს. დროდადრო ვამოწმებთ იზრდება თუ არა ციფრები. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არ იზრდება და პროცესი კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

დატოვე კომენტარი