ჟან-კლოდ იუნკერი - ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს და ეს ტრაგიკული მომენტია
ჟან-კლოდ იუნკერი - ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს და ეს ტრაგიკული მომენტია

ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, დღეს, ტრაგიკული მომენტია, რადგან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, – ამის შესახებ განცხადება ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც დღეს ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტი იმართება.

ევროპელმა ლიდერებმა ბრექსიტის სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ, რომელიც ბრიუსელში ტერეზა მეიმ წარადგინა. დღის ბოლოს ევროკავშირმა ეს გეგმა უნდა დაამტკიცოს.

„დღეს როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს, არის ტრაგიკული მომენტი. ამაში საზეიმო არაფერია. მაგრამ ჩვენ შევძელით შეთანხმება საუკეთესო პირობებზე და მე მხარს ვუჭერ ამ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მანამდე ტერეზა მეის წინადადების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანიმაც.

„გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს, მაგრამ არა ევროპას. მნიშვნელოვანია, ბრექსიტის შემდეგაც კარგი ურთიერთობების შენარჩუნება“, – განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპელი ლიდერები ბელგიის დედაქალაქში დილიდან იკრიბებიან. მედიასთან კომენტარი გააკეთა ლიეტუვას პრეზიდნეტმაც. დალია გრიბაუსკაიტეს თქმით, ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის გეგმას დაეთანხმება, თუმცა ეს არც ერთი მხარისთვის კარგი არ არის.

დღესვე ევროკავშირის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, როგორი იქნება ბრიუსელისა და ლონდონის ურთიერთობა ბრექსიტის მიმდინარეობისას და მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფო საბოლოოდ დატოვებს ევროკავშირს.

დატოვე კომენტარი