ჟაკარე სოუზას პირველი კომენტარი კორონავირუსის დადგენის შემდეგ - ძალიან დამწყდა გული, რომ ბრძოლის გამართვა ვერ შევძელი
რონალდო ჟაკარე სოუზამ კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა.
სოუზას (26-8) აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიების – UFC 249-ის ფარგლებში, ბრძოლა ურაია ჰოლთან უნდა გაემართა.
ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ სოუზას კორონავირუსი დაუდგინეს. COVID 19-ის დიაგნოზი ჟაკარეს ორ თანაგუნდელსაც დაუდასტურდა.
ბრაზილიელმა მებრძოლმა საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„რა თქმა უნდა, ძალიან დამწყდა გული, რომ ბრძოლის გამართვა ვერ შევძელი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორც კი მედიკოსები ნებას დამრთავენ და ოქტაგონზე გასვლა შემეძლება, მსურს ურაიასთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე გავმართო. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდელებს და გულშემატკივრებს დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.“
დანა ვაიტის თქმით, მიუხედავად ბრძოლის ჩაშლისა, ჰონორარს ორივე მებრძოლი (სოუზა და ჰოლი) მიიღებს.