„ფორმულა 1“-ში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, კანადელმა ჟაკ ვილნევმა ინტერვიუში არც ისე კარგად მოიხსენია მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი.
„შუმახერი საერთოდ არ სცემდა ტრასაზე პატივს თავის მეტოქეებს. ის იმ ეპოქის ერთ-ერთი შემოქმედი გახდა, რომელშიც მუდმივად ხდება საშიში გასწრება, მოსახვევებში შევიწროება. დღეს ეს რბოლების განუყოფელი ნაწილი გახდა“, – ამბობს ვილნევი „ექსპრესენთან“ (Expressen) საუბარში.
კანადელმა პილოტმა დღევანდელ „ფორმულა 1“-ში ტრასაზე ერთადერთ ჯენტლმენად „მერსედესის“ ლიდერი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი დაასახელა.
მიხაელ შუმახერი, 2013 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, აღდგენით კურსს გადის თავის ტრავმის გამო, რომელიც თხილამურებით სრიალისას მიიღო.