დიტო ცინცაძე - ფონდს ოფისი არ გააჩნია, დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშვთა ბიუროში ტოვებენ, იქ ვტოვებთ წამლებსაც
დიტო ცინცაძე - ფონდს ოფისი არ გააჩნია, დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშვთა ბიუროში ტოვებენ, იქ ვტოვებთ წამლებსაც

ჩვენი ოფისი ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მაუწყებლის საშვთა ბიუროა, რომლის დათმობისთვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, – ამის შესახებ “დიტო ცინცაძის ფონდის” წევრმა, დიტო ცინცაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ როგორ უნდა მიმართონ “დიტო ცინცაძის ფონდს“ მოქალაქეებმა და როგორ ხდება ბენეფიციართა შერჩევა–დაფინანსება.

„ფონდს ოფისი არ გააჩნია, დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშვთა ბიუროში ტოვებენ და წამლებსაც იქ ვტოვებთ ხოლმე. სამწუხაროდ, იმდენი შემოსავალი არ გვაქვს, რომ ფული ოფისზე დავხარჯოთ და ამიტომ, ვცდილობთ, ნაკლები დანახარჯები გვქონდეს“, – განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, ფონდის შესახებ იციან კლინიკის ექიმებმა, მშობლებმა და ასე შემდეგ, რომლებიც ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემენ.

„არსებობს სოციალური ქსელი, ჩვენი მენეჯერის ტელეფონის ნომერი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ჩვენთან მოხვედრა მარტივად ხდება. ფონდი ჩემი გამოჯანმრთელების შემდეგ, 2013 წლიდან, სოლიდური სიმსივნისა და ლეიკემიის დიაგნოზით, ნულიდან 18 წლის ჩათვლით ბავშვებს ეხმარება. თუ თანხა გვაქვს, ადამიანებს რაც შეგვიძლია, ყველაფერში ვეხმარებით“, – განაცხადა ცინცაძემ.

როგორც დიტო ცინცაძემ აღნიშნა, დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი ფონდისთვის სხვა დაავადებებით მიმართვიანობა, ასაკობრივი ზღვარი და ფინანსების უქონლობაა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ უარის თქმა ხშირად ფინანსების არქონის გამო გვიწევს. ამ ეტაპზე, ჩვენი ფონდი ამ დაავადების მქონე ბავშვებს ძირითადად, წამლებით, მგზავრობისა და უცხოეთში ცხოვრების ხარჯებით ვეხმარებით. მოკლედ, რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ. თანადგომისთვის ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ასე გავაგრძელოთ და ბავშვები ერთად გადავარჩინოთ“, – განაცხადა დიტო ცინცაძემ.