„დირსის“ მცხოვრებლები მეზობელ კორპუსში დევნილების შეჭრას აპროტესტებენ
საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ 12B კორპუსის მცხოვრებლები მეზობელ კორპუსში დევნილების შეჭრას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ, თავს დაცულად არ გრძნობენ.
ადგილობრივებს პრეტენზიები სამშენებლო კომპანიასთან აქვთ. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ ხდება.
„კომპანიის მხრიდან არ სრულდება პირობები. კერძოდ, ეს უნდა ყოფილიყო დაცული, იზოლირებული ტერიტორია. უნდა ყოფილიყო შლაგბაუმი, დაცვა. ახლა თქვენც ხედავთ, რა შედეგებიც გვაქვს. სამი დღეა, გაუსაძლის პირობებში ვართ. გაზონებზე დადის ხალხი. არ ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან. ღამე ვერ ჩამოვდივართ, მანქანების გაჩერება გვეშინია. ამ კომპლექსში ბინა იმიტომ შევიძინე, რომ თავი დაცულად მეგრძნო. „დირსში“ კომენტარს არ აკეთებენ. გვაწყნარებენ და გვეუბნებიან, რომ მალე მოგვარდება პრობლემა. სამი დღეა პოლიციის იზოლაციაში ვართ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე თეონა მჭედლიშვილმა.
მესამე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.
ამასთან, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, „დირსში“ ბინები წესისამებრ განაწილდება იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებიც წლებია, მოლოდინის რეჟიმში არიან. დევნილთა და ეკომოგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, მურად აბლოთიას განცხადებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს იმ ადამიანებთან, რომლებიც „დირსში“ ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. მისივე თქმით, თუ მათ შორის რომელიმე ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია, შეიძლება, სამინისტრომ გარკვეული ნაბიჯები გადადგას და დროებითი საცხოვრებლით დააკმაყოფილოს.