დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია, აშშ-ის ტურნეში ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს
დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია, აშშ-ის ტურნეში ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს

რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ახლო მეგობრობა აკავშირებს, აშშ-ის ტურნეში ვენის ფილარმონიულ ორკესტრს აღარ უხელმძღვანელებს. ტურნე ხუთ კონცერტს მოიცავს და ის ხვალ კარნეგი ჰოლში იწყება. გერგიევის გარიცხვის მიზეზი უცნობია.

„ცვლილება განხორციელდა მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე მოვლენების გამო“, – განაცხადა კარნეგი ჰოლის პრესმდივანმა, სინევე კარლინომ.

ცნობისათვის, დირიჟორი ვალერი გერგიევი ხშირად გამოდის პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით.

ამასთან, დღეს ასევე გავრცელდა მილანის მერის, ჯუზეპე სალამის განცხადება. მერი მოუწოდებს გერგიევს, დაგმოს თავდასხმა უკრაინაზე, თუ მას სურს „ლა სკალას“ თეატრთან თანამშრომლობის გაგრძელება, სადაც ის ამჟამად ჩაიკოვსკის „პიკის ქალს“ დგამს.