დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმების შემდეგ საუდის არაბეთის მეფემ ირანის პრეზიდენტი ქვეყანაში მიიწვია
საუდის არაბეთის მეფე სალმანმა, ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ქვეყანაში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მიწვევა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ ჩინეთის შუამავლობის შედეგად მიაღწია.
უახლოესი ორი თვის განმავლობაში თეირანსა და ერ-რიადში ირანისა და საუდის არაბეთის საელჩოები გაიხსნება და განახლდება სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთობები.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდა და ამ ეტაპზე სამი სხვადასხვა ადგილი განიხილება. თუმცა, ჯერჯერობით თარიღი უცნობია.