დიპლომატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებამ საზეიმო ღონისძიება გამართა და ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე ის პირველი დიპლომატები გაიხსენეს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ევროპულ ოჯახთან დაახლოებაზე დაიწყეს ზრუნვა.
თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიიღეს, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ქართველ ელჩებს მათი საქმიანობისთვის. ღონისძიებას დაესწრნენ აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დეპუტატები.
საქართველოში დიპლომატიის დღეს 3 ნოემბერს აღნიშნავენ. თარიღი სიმბოლურად სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს ემთხვევა.
საგარეო უწყებას წელს 100 წელი შეუსრულდა, თუმცა, აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას ხელი გასაბჭოებამ შეუშალა. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, დიპლომატიის ახალი ეტაპი 27 წელიწადსა და ქვეყნისთვის არაერთ გამოწვევას ითვლის. მთავარ საგარეო საფრთხედ კი, როგორც მაშინ, ისე ახლა, საგარეო უწყება კვლავ რუსეთს მიიჩნევს.