„დინამოს“ მწვრთნელი კახა ჩხეტიანი - ვიმედოვნებ, გულშემატკივრები ხმას მოგვაწვდენენ
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ალბანურ „ტირანასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრამდე „დინამო-არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა, მომავალ დაპირისპირებასა და გუნდის მზადებაზე ილაპარაკა:
„გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე არ მიყვარს საუბარი. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ჩვენი ბიჭების იმედი გვაქვს. ასევე, გულშემატკივრების – დარწმუნებული ვარ, ხვალ ისინი ხმას მაინც მოგვაწვდენენ. ერთრაუნდიანი მატჩია და შინ ვთამაშობთ და ეს ჩვენი პრივილეგიაა. ამასთან, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიზნის მიღწევა გაგვიჭირდება,“ – ამბობს კახა ჩხეტიანი.
„დინამო თბილისი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას ალბანურ „ტირანასთან“ 19 აგვისტოს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი აჩვენებს.