„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - ვეცდებით, „ფეიენოორდთანაც“ ასე ვითამაშოთ
თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანული „გაბალა“ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა (3:0), ორი მატჩის ჯამში მეტოქეს ანგარიშით 5:0 სძლია და ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა.
განვლილი მატჩი თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ პრესკონფერენციაზე შეაფასა. მასთან ერთად მედიასთან შეხვედრაზე „დინამოს“ ესპანელი მეკარე ხოსე პერალესიც იმყოფებოდა.
„ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ – შენგელია გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დღეს მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ამავე დროს, ოთხ თამაშში ბურთი არ გაგვიშვია, რაც სწორი მუშაობის შედეგია. ვეცდებით, „ფეიენოორდთანაც“ ასევე ვითამაშოთ. ამ მატჩს ყველა მოთამაშე განსაკუთრებით ელის და ყველა ბოლომდე დაიხარჯება“, – ამბობს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი.
თბილისის „დინამოს“ მეკარემ, ხოსე პერალესმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა იმ ხალხს, ვინც დღეს სტადიონზე მოვიდა და გაგვამხნევა. მეტოქეს დღესაც ვაჯობეთ და შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით. ახლა უკვე „ფეიენოორდთან“ მატჩი გველის, რომელიც ძლიერი გუნდია და დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. შევეცდები, ბურთი არც „ფეიენოორდთან“ გავუშვა“, – აღნიშნა ხოსე პერალესმა.
ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს, როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდება.