„დინამოს“ მთავარი მწვრთნელი „ფეიენოორდთან“ შეხვედრაზე - რთული დაპირისპირების მოლოდინში ვართ
როტერდამის „ფეიენოორდთან“ შეხვედრამდე თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ფელის ვისენტემ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას გუნდის მეკარე ხოსე პერალესი ახლდა. მათ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ილაპარაკეს.
„ეს მატჩი “დინამოსთვის“ მნიშვნელოვანია და დიდი მონდომებით ვემზადებით. „ფეიენოორდის“ ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას ვფლობ და რთული დაპირისპირების მოლოდინში ვართ. იმედია, ცნობილ გუნდთან ჩვენი ფეხბურთელები მობილიზებას და სასურველი შედეგის მიღწევას მოახერხებენ“, – ამბობს ფელის ვისენტე.
ხოსე პერალესის თქმით, ეცდება, კარი მშრალად შეინახოს.
„კარგად ვაცნობიერებთ, რომ „ფეიენოორდთან“ მძიმე მატჩები გველის, თუმცა კარგ ფორმაში ვართ და ბრძოლას ვაპირებთ, რადგან ჰოლანდიაში ტურისტებად არ ჩამოვსულვართ. ვეცდები, კარი ისევ მშრალად შევინახო“, – აღნიშნა ხოსე პერალესმა.
საქართველოს პირველი არხი როტერდამიდან „ფეიენოორდისა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ტელეტრანსლაციას შემოგთავაზებთ. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.