„დინამოს“ კაპიტანი - ბოლო მატჩებში ჩამოყალიბებული გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ კაპიტანმა გიორგი პაპავამ თურქულ შეკრებაზე ტაშკენტის „ფახთაქორთან“ (3:0) მოგებასა და განვლილ შეკრებაზე კომენტარი გააკეთა. თბილისელთა კაპიტნის თქმით, გუნდს ბოლო თამაშებში შეთამაშება დაეტყო.
„კარგია გუნდია „ფახთაქორი“, ზედიზედ სამი წელია უზბეკეთის ჩემპიონი ხდება. მაგრამ ჩვენ ბევრად მეტი მომენტი შევქმენით. მეორე ტაიმში მომენტები უზბეკებმაც შექმნეს, მაგრამ გაგვიმართლა, რადგან ჩვენმა მეკარემ კარგად ითამაშა. მთლიანობაში, ვაჯობეთ, რადგან ვიცოდით, როგორ უნდა გვეთამაშა და მწვრთნელის დასახული გეგმები შევასრულეთ.
ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რაც სასიამოვნოა. მათ დიდი პოტენციალი გააჩნიათ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის მსვლელობისას კიდევ უფრო მოუმატებენ. რაც შეეხება ლეგიონერებს, რა თქმა უნდა, ჯერ მათ თავი ბოლომდე არ გამოუვლენიათ. მაგრამ მათაც უფრო მეტი პოტენციალი აქვთ.
ვიმედოვნებთ, რომ მოვუმატებთ როგორც გუნდი, ასევე ინდივიდუალურად – ფეხბურთელები. მიმაჩნია, რომ „დინამოში“ კარგი კოლექტივი შეიკრიბა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ახალი ფეხბურთელია, ეს თამაშებში არ დაგვეტყო – განსაკუთრებით ბოლო მატჩებში. მიმაჩნია, რომ ბოლო სპარინგებში შეთამაშებული და ჩამოყალიბებული გუნდის შთაბეჭდილება დავტოვეთ.“