„დინამო თბილისს“ ახალი ძლიერი პარტნიორი ჰყავს – საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბთან ხელშეკრულება რეგიონის უმსხვილესმა სპორტულმა მაუწყებელმა „სეტანტა სპორტმა“ გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, „სეტანტა სპორტი“ „დინამოს“ ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მატჩების ტრანსლირებას, ამხანაგური, ოფიციალური ტურნირების ორგანიზებასა და შესაბამის სატელევიზიო არხებში გაშუქებას უზრუნველყოფს, მათ შორის, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების.
„ჩვენი კლუბი ბედნიერია „სეტანტა სპორტთან“ მიღწეული შეთანხმებით, რაც ბევრ მიმართულებას მოიცავს და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობით, ორივე მხარე დიდ სარგებელს მიიღებს. ამ შეთანხმებით უნიკალური შანსი გვეძლევა, ჩვენი კლუბის მიმართ დაინტერესებული მხარეების ჩართულობა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, რაოდენობრივადაც გავზარდოთ და ხარისხობრივადაც. დარწმუნებული ვარ, ამ ორი ბრენდის პარტნიორობა რეგიონში წარმატებული და მრავალფეროვანი თანამშრომლობის განსხვავებულ პრეცედენტს შექმნის“, – აცხადებს „დინამო თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა დოლიძე.
„სეტანტა სპორტის“ ეთერში გავა ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 2016 წლიდან იმართება და ამ დროის განმავლობაში, თბილისში არაერთმა ევროპული გრანდის აკადემიამ მიიღო მონაწილეობა.
კომენტარი გააკეთა სეტანტა სპორტის“ სპორტის მიმართულების დირექტორმა ჯუბა გრიგოლიამაც:
„სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყნის არაერთ ათლეტთან და სპორტულ ორგანიზაციასთან დავიწყებთ თანამშრომლობას. ამ მიმართულებით, კომპანია საერთაშორისო პარტნიორებთან და სპორტსმენებთან ერთად, გულშემატკივარს არაერთ საინტერესო სიახლესა და აქტივობას შესთავაზებს“.