„დინამომ“ საუკეთესო ბომბარდირი დაიბრუნა - ზორან მარუშიჩი ისევ თბილისელებისთვის შეუტევს #1TVSPORT
„დინამო თბილისში“ ზორან მარუშიჩი დაბრუნდა და გუნდთან კონტრაქტი გააფორმა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
მარუშიჩი „დინამოს“ ღირსებას 2021 წლის სეზონში იცავდა. მან ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში 42 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლთან ერთად, 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამავე სეზონში იგი ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, თავდამსხმელად და ლეგიონერად დასახელდა, 16 გატანილი გოლით კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ზორან მარუშიჩმა 2022 წლის სეზონი უზბეკურ „ნავბაჰორში“ გაატარა, სადაც მან 32 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი „დინამოში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. სერბმა თავდამსხმელმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ „დინამოში“ დაბრუნებით, ამ კლუბში შესანიშნავი პერიოდი გავატარე. მოტივირებული ვარ, რომ ბევრი ვიშრომო და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – განაცხადა საქართველოს ჩემპიონ გუნდში დაბრუნების შემდეგ ზორან მარუშიჩმა.