„დინამომ“ ნიდერლანდელი მცველი დაიმატა - „აიაქსის“ აღზრდილმა თბილისურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
„დინამო თბილისში“ ნიდერლანდელი მცველი ფაბიან სპორსკლედე ჩაირიცხა. 27 წლის მცველი ზაფხულიდან უგუნდოდ იყო და ექვსთვიანი უქმობის შემდეგ საქართველოში თამაშს დათანხმდა.
სპორკლედე უკლუბოდ ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის „ვალვაიკის“ დატოვების შემდეგ დარჩა. ბოლო თვეების განმავლობაში „აიაქსისს“ ახალგაზრდულ გუნდში ვარჯიშობდა. მწვრთნელი მიტჩელ ვან დერ ჰააგი მცველს „ბრედადან“ იცნობდა – ამიტომ სპორსკლედეს საშუალება მისცა, ამსტერდამის გუნდის რეზერვისტებთან ვარჯიშით ფორმა შეენარჩუნებინა.
27 წლის მცველმა 2012/13 წლების სეზონში „აიაქსის“ შემადგენლობაში ოთხი მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ წინააღმდეგ უთამაშია. ამსტერდამული კლუბის ფორმით 2011 წელს მან იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა, იყო ნიდერლანდების ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.
სხვათა შორის, 2012 წლის 7 ოქტომბერს, „უტრეხტის“ წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში გახდა „აიაქსის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ერედივიზიონის ისტორიაში, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა. მაშინ ის 19 წლისა და 65 დღის იყო.
ახლა ფაბიან სპორსკლედემ კონტრაქტი თავის მეექვსე დამსაქმებელთან გააფორმა. ამსტერდამის კლუბის გარდა, სპორსკლედეს ასევე უთამაშია „ვილემ II“-ში, „რასინგ რომაში“, „ბრედასა“ და „ვალვაიკში“. 2021 წლის 5 იანვარს ფაბიან სპორსკლედემ „თბილისის დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„აიაქსის“ ვებგვერდი „დინამოს“ ახალწვეულს ახასიათებს, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს ხუმრობა და ხშირად იცინის: „თუ „აიაქსის“ სავარჯიშო მოედნებზე სიცილის ხმა ისმის, ეს უეჭველად ფაბიან სპორსკლედეს ეკუთვნის“.