„დინამომ“ „ჯენოა“ 4:1 დაამარცხა - თბილისელები დარასელიას თასის ფინალში „სევილიას“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
„დინამომ“ „ჯენოა“ 4:1 დაამარცხა - თბილისელები დარასელიას თასის ფინალში „სევილიას“ დაუპირისპირდებიან #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის ნახევარფინალში იტალიური „ჯენოა“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

„დინამოს აკადემიის“ 16-წლამდელების გუნდმა ნახევარფინალური დაპირისპირება მაღალ დონეზე ჩაატარა, უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლა და ანგარიში მერვე წუთზე სანდრო ფეიქრიშვილის შესრულებული პენალტით გახსნა.

მე-13 წუთზე „დინამომ“ უპირატესობა მეკარის შეცდომისა და საბა სამუშიას შესანიშნავი თამაშის შედეგად გაზარდა. თბილისელთა შემტევმა გადაცემა ჩაჭრა, კარამდე მცველი მოატყუა და ზუსტად დაარტყა. 21-ე წუთზე ფეიქრიშვილმა მეორე გოლის გატანაც მოახერხა და „დინამომ“ შესვენებამდე 3:0 დაწინაურდა.

მეორე ნახევარში იტალიელებმა სხვაობა მე-40 წუთზე შეამცირეს (ტაიმები 35-წუთიანია), მაგრამ 52-ე წუთზე თბილისელთა სწრაფი კონტრშეტევა ისევ სანდრო ფეიქრიშვილმა დააგვრიგვინა – ორი მცველი ჩამოიშორა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1 „დინამოს“ სასარგებლოდ.

„დინამო“ ფინალში „სევილიას“ შეხვდება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში „მონცა“ 2:0 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა ხვალ, 9 აპრილს, „დინამოს“ აკადემიაში 18:00 საათზე გაიმართება.