„დინამომ“ ესტონეთში მოიგო, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა - კონფერენს ლიგაზე გამოსვლას „პაიდე“ გააგრძელებს #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებითი შეხვედრა „პაიდესთან“ გასვლაზე გამართა და თამაში მოიგო, რაც საბოლოო ჯამში გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა, ხოლო პენალტების სერიაში თბილისელები დამარცხდა.
თბილისში პირველი შეხვედრის წაგების (2:3) შემდეგ, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად „დინამოს“ მეორე მატჩში ესტონეთში მხოლოდ მოგება აწყობდა. თბილისელები სტუმრად გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში „დინამოს“ მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შეცვლები განახორციელა და ამან შედეგი გამოიღო. 69-ე წუთზე კამარამ საჯარიმოში სხირტლაძე მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა, საერთო ანგარიში გაათანაბრა (3:3) და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც „დინამო“ დაწინაურდა. 93-ე წუთზე ესტონელთა შეცდომით თბილისელებმა ისარგებლეს, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც გაბედავამ საჯარიმოში კამარას გაუგრძელა, მან კი კარის წინ ანტილევსკი მოძებნა და „დინამოს“ თავდამსხმელმა გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა – 0:2.
სამწუხაროდ, ესტონელებმა ანგარიში ისევ გათანაბრეს 1:2 (4:4). „პაიდეს“ მხსნელად ისევ შეცვლაზე შემოსული 19 წლის სიგნატე მოევლინა – ჯერ სამმა თბილისელმა ბურთი ვერ აართვა, შეტევა გაგრძელდა და 114-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გამბიელმა თავდამსხმელმა თავად გაიტანა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. პირვეკლი ხუთი პენალტი ზუსტად დაარტყეს, მეექვსეც გამოიყენეს, მაგრამ ლევან ხარაბაძის დარტყმული ესტონელთა მეკარემ მოიგერია, „პაიდემ“ ორი მატჩის ჯამში მოიგო (3:2, 1:2, პენალტებით 6:5) და გუნდის ისტორიაში პირველად ევროტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდა, „დინამომ“ კი თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა.
„პაიდე“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიას“ შეხვდება, მატჩები 21 და 28 ივლისს გაიმართება.