ჩისკო მუნიოსი თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში დასაქმდება – ესპანელი სპეციალისტი ზაურ სვანაძეს დაეხმარება. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო (ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლიომპარტი) თბილისის „დინამოში“ 2011-2014 წლებში თამაშობდა და მის რიგებში 2-2-ჯერ მოიგო ჩემპიონატის ოქროს მედალი და საქართველოს თასი. ბოლო მატჩი „დინამოში“ 2014 წლის 11 დეკემბერს ჩაატარა, სადაც თბილისელებმა მისი გოლით საჩხერეს „ჩიხურა“ დაამარცხეს და საქართველოს სუპერთასს დაეუფლნენ.
ჩისკო 2012/13 და 2013/14 წლების სეზონებში უმაღლესი ლიგის ბომბარდირი გახდა, ხოლო 2013/14-ში – საქართველოს საუკეთესო მოთამაშე. 2014-15 წლების სეზონიდან ჩისკო გუნდის კაპიტანი იყო. სულ „დინამოს“ მაისურით 129 მატჩში 77 გოლი გაიტანა.
ჩისკო გახლდათ ექტორ რაულ კუპერის იმ ცნობილი „ვალენსიას“ წევრი, რომლის ფორმითაც 2004 წელს უეფას თასსა და ევროპის სუპერთასს დაეუფლა. უთამაშია ესპანეთის 17, 18 და 21-წლამდელთა ნაკრებებში.