„დინამოელი“ ხარებაშვილი უეფა-ს რეკორდსმენია - მან ევროტურნირზე 15 წლის ასაკში ითამაშა #1TVSPORT
საბა ხარებაშვილი უეფა-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია – ინფორმაციას „დინამო თბილისი“ ავრცელებს.
კლუბის ცნობით, საბამ უეფას ეგიდით პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი 15 წლის, 10 თვის და 8 დღის ასაკში ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოდგორიცაში 2:1 დამარცხდა „მორნართან“, რომელიც ევროთასებზე პირველად თამაშობდა.
„დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში, 15 წლის საბა ხარებაშვილის გარდა, ასევე ითამაშეს 16 წლის ვახტანგ სალიამ, 17 წლის საბა სამუშიამ და 18 წლის ნიკა ცეცხლაძემ, ხოლო რამდენიმე ფეხბურთელი 19-20 წლის იყო.
„დინამო თბილისისა“ და „მორნარის“ საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს თბილისში გაიმართება, მაგრამ, „დინამო არენის“ ნაცვლად, მატჩი „მიხეილ მესხზე“ ჩატარდება.