„დინამო არენაზე“ გამართული ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-11 ტურის ბოლო მატჩი სენსაციური შედეგით დასრულდა – გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „დინამო თბილისი“ თანაქალაქელთან, აუტსაიდერ „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.
„ლოკომოტივმა“ პირველივე წუთებიდან „დინამოს“ მწვავედ შეუტია და მე-10 წუთზე თემურ შონიამ ბურთი დინამოელთა კარის ხარიხას გაარტყა. 29-ე წუთზე სტუმრებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – დავით ჯიქია „დინამოს“ მცველებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა 0:1.
მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი ისევ სტუმრებმა შექმნეს – დავით ჯიქიას დარტყმული ბურთი კარის ძელმა მოიგერია. „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ თამაშის ბედის შემოტრიალება შეძლო და მასპინძლებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ბუდუ ზივზივაძემ, ლევან ხარაბაძემ და გუჯა რუხაიამ მომენტებით ვერ ისარგებლეს, ანგარიში აღარ შეცვლილა და „დინამომ“ სენსაციური მარცხი განიცადა 0:1.
„ლოკომოტივი“ 11 ტურის შემდეგ, რვა ქულით, ისევ ბოლო ადგილზეა – ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა ჯერ ორი შეხვედრა მოიგო და ორივე ლიდერთან, „საბურთალოსა“ და „დინამოსთან“. „დინამო“ ისევ 22 ქულის ამარა დარჩა და ლიდერ „საბურთალოს“ უკვე ხუთი ქულით ჩამორჩება.