„დინამო თბილისთან“ საპასუხო მატჩამდე „ასტანამ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისის“ მეტოქემ, „ასტანამ“ ორი მოთამაშე – ალექსანდრე მაროჩკინი და სტეპან ლონჩარი დაიმატა, რომლებიც, სავარაუდოდ, თბილისში ითამაშებენ, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
32 წლის ცენტრალური მცველი მაროჩკინი 2019 წლიდან ყაზახეთის ნაკრებში თამაშობს და მისი ფორმით 34 მატჩი ჩაატარა. ის „ასტანაში“ კოსტანაის „ტობოლიდან“ გადავიდა.
რაც შეეხება ლონჩარს, 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ბოსნიელია. მისი ტრანსფერი უნგრულ „ფერენცვაროშს“ ეკუთვნის, გასულ სეზონში კი იჯარით ბელგიურ „კორტრაიკში“ თამაშობდა. 2018-2021 წლებში ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა, მაგრამ, მაროჩკინისგან განსხვავებით, ბოლო ორი წელია, ეროვნული გუნდში აღარ იწვევენ.
Transfermarkt-ის ცნობით, „ასტანამ“ „ტობოლს“ მაროჩკინის ტრანსფერში 100 ათასი ევრო გადაუხადა, ხოლო „ფერენცვაროშიდან“ ლონჩარის დამატება ყაზახეთის ჩემპიონს 450 ათასი ევრო დაუჯდა. ყაზახური მედიის ინფორმაციით, ორივე ახალწვეული განაცხადშია და, სავარაუდოდ, თბილისში ითამაშებენ.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისისა“ და „ასტანას“ საპასუხო შეხვედრა თბილისში (პირველი თამაში 1:1), „დინამო არენაზე“ 19 ივლისს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.