„დინამო თბილისმა“ თავდამსხმელი მარტვილიდან დაიმატა
„დინამო თბილისმა“ თავდამსხმელი მარტვილიდან დაიმატა

მარტვილის „მერანის“ ფლანგის შემტევი ლევან წოწონავა კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს – ინფორმაციას მარტვილური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„ლევან წოწონავა კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. „მერანი“ მადლობას უხდის ლევანს ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია „მერანის“ ვებგვერდზე.

წოწონავა 23 წლისაა. ის მარტვილის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და გუნდის ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მერე გადავიდა ცხინვალის „ლიახვში“, 2017 წელს ზუგდიდის „დინამოში“ ჩაირიცხა, 2020 წლის სეზონში ისევ ჭყონდიდის გუნდში დაბრუნდა, რომლის რიგებშიც 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

„მარტვილში დავიბადე და გავიზარდე, ფეხბურთის თამაშიც აქ მასწავლეს და ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემს გულში. მას შემდეგ, რაც „მერანს“ საბოლოოდ შევუნარჩუნეთ ადგილი ეროვნულ ლიგა 2-ში, კარიერას „დინამოში“ ბევრად უფრო მშვიდად და ვალმოხდილი გავაგრძელებ“, – ამბობს ლევან წოწონავა.

წოწონავა იყო მატჩის გმირი ეროვნულ ლიგაში 2-ში გადასასვლელი პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, სადაც მარტვილის „მერანმა“ ლიგა 3-ის ერთ-ერთი წარმატებული გუნდი, „გორი“ 3:1 დაამარცხა. წოწონავას წაქცევისთვის ჯერ სტუმართა მცველი გააძევეს, 40-ე წუთზე მის მოწოდებული ჯარიმის შემდეგ მეტოქის კარი გაბრიელ საღრიშვილმა აიღო, 85-ე კი წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გამოიყენა. სეზონის დასრულების შემდეგ, ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა წოწონავა ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლური ნაკრებში დაასახელა.