„დინამო თბილისმა“ „გაბალას“ მეორე მატჩიც მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა (ვიდეო/ფოტო)
თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდება.
„დინამოელებმა“ დღეს აზერბაიჯანული „გაბალა“ მეორედაც დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდეს.
მატჩი ქართველთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა. მეორე ნახევარში, 68-ე წუთზე, ლევან შენგელიამ საოცარი სოლო რეიდი განახორციელა, საჯარიმოსთან ერთ მცველს აუარა გვერდი და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა ბურთი.
88-ე წუთზე თავი ისევ შენგელიამ გამოიჩინა და ისევ ლამაზი გოლით. საჯარიმოში მიღებული ბურთი ლევანმა ერთი შეხებით დაამუშავა და მეკარისგან შორეულ მარჯვენა კუთხეში გაუშვა – 2:0.
მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კიდევ ერთი ულამაზესი გოლი გავიდა და ამჯერად თავი „დინამოს“ ახალწვეულმა, განელმა ფორვარდმა კვამე კარიკარიმ გამოიჩინა. მან ტექნიკურად ჩამოიშორა ორი მცველი, საჯარიმოში შევიდა და უძლიერესი დარტყმით ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში გაახვია.
საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა და საინტერესოა, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე „დინამოს“ ჯერ გოლი არ გაუშვია, მეტოქის კარში კი 12 გაიტანა.