„დინამო თბილისმა“ ევროტურნირების დაწყებამდე ხვადაგიანი, სხირტლაძე და ბაგრატიონი დაიმატა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ევროტურნირების დაწყებამდე ორი ყოფილი მოთამაშე დაიბრუნა – მცველი საბა ხვადაგიანი და თავდამსხმელი დავით სხირტლაძე.
21 წლის საბა ხვადაგიანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2023-ზე გამოსვლის შემდეგ, შარშან, ზაფხულში ნეთანიის „მაკაბიში“ გადავიდა. თბილისურმა კლუბმა ხვადაგიანის დაბრუნება გადაწყვიტა და „მაკაბისთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
31 წლის გამოცდილი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე „დინამოს“ კაპიტანი იყო, იანვარში გუნდი დატოვა და თურქეთის პირველი ლიგის „ქოჯაელისფორში“ გადავიდა, რომელმაც თურქეთის სუპერლიგაში დაწინაურება ვერ მოახერხა და სხირტლაძემ გუნდი დატოვა.
გუნდს დაუბრუნდა „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი, 20 წლის მცველი მუხრან ბაგრატიონი, რომელიც 2023 წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, წელს კი „თელავში“ თამაშობდა.
ამ ფეხბურთელებიდან საქართველოს სუპერთასის ფინალში, რომელშიც „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ 1:2 დამარცხდა, ბაგრატიონმა და ხვადაგიანმა ითამაშეს.
ცნობილია, რომ „დინამო თბილისი“ მეკარე გიორგი ლორიამ დატოვა, მისი შემცვლელი კი გუნდს ჯერ არ დაუმატებია – სუპერთასის ფინალში ძირითად შემადგენლობაში 20 წლის მიხეილ მაქაცარიამ ითამაშა.