„დინამო თბილისმა“ დარასელიას სახელობის თასის გათამაშება „უოტფორდთან“ მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ვიტალი დარასელიას სახელობის თბილისის საერთაშორისო თასის პირველ შეხვედრაში „უოტფორდი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
მატჩი, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენაზე“ გაიმართა, დაძაბული გამოდგა. ანგარიში თბილისელებმა 34-ე წუთზე გახსნეს – ნიკოლოზ ელისაშვილმა საჯარიმო მოიპოვა, რომელიც თავადვე უნაკლოდ შეასრულა და „დინამო“ წინ გაიყვანა.
თბილისელებმა მეორე ნახევარიც იღბლიანად დაიწყეს. 49-ე წუთზე ლაშა ხუციშვილმა კუთხური მოაწოდა, „უოტფორდის“ მცველმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
70+2-ე წუთზე (ტაიმები 35-წუთიანია) გოლი ისევ ხუციშვილის კუთხურს მოჰყვა – ნიკოლოზ ჩიქოვანმა მცველს დაასწრო, ქუსლით ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო თბილისი“ მეორე შეხვედრას 25 აგვისტოს „ილია კოკაია არენაზე“ 21:00 საათზე „იუვენტუსთან“ გამართავს. დღეს კი თბილისის „ლოკომოტივი“ 21:00 საათზე საგურამოში, „ლოკო არენაზე“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.