„დინამო თბილისმა“ დომინიკ რაიტერი დაიმატა. ავსტრიელმა ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გააფორმა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
დომინიკ რაიტერი პოზიციით მარჯვენა ფლანგის შემტევია, მაგრამ თამაში ფლანგის მცველადაც შეუძლია. კარიერა „შლუსლბერგში“ დაიწყო. მერე სამოყვარულო გუნდებში თამაშობდა – „გრიშირხენსა“ და „აკა ლინცში“, ასევე რეგიონული ლიგის „პაშინგში“, მეორე ლიგის „ლასკში“, რომელთან ერთადაც ავსტრიის ბუნდესლიგაში დაწინაურდა.
2018/19 წლების სეზონში რაიტერი „ნოიშტადტში“ გადავიდა, მაგრამ კლუბს ავსტრიის მეორე დივიზიონში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს და რეგიონულ ლიგაში დააქვეითეს. „დინამოს“ ახალწვეული „ლასკში“ დაბრუნდა, საიდანაც 2021 წელს „ალტახში“ მიიწვიეს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
2016-2017 წლებში რაიტერმა ხუთი მატჩი ჩაატარა ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო ორი მატჩი – 21-წლამდელებში.
ფეხბურთელს ტრავმების გამო 2023 წელს 10 თვე გაუცდა. დაზიანებების გარეშე არც წლევანდელ სეზონს ჩაუვლია და ფეხბურთელმა ხუთი თვე გამოტოვა.
„დინამო თბილისის“ ახალწვეულის ტრანსფერს transfermarkt-ი 250 ათას ევროდ აფასებს.