„დინამო თბილისმა“ ახალწვეულები წარადგინა - 11 მოთამაშე ახალი სეზონისთვის
„დინამო თბილისმა“ ახალწვეულები წარადგინა - 11 მოთამაშე ახალი სეზონისთვის
„დინამო არენას“ მედია დარბაზში „დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა სეზონისწინა პრესკონფერენცია გამართეს და კლუბის ახალწვეულები წარადგინეს.
 
თბილისელებმა ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დიდი სამუშაო ჩაატარეს და ფაქტობრივად, ერთი ახალი გუნდი დაიმატეს – 11 ახალწვეული: მეკარეები როინ კვასხვაძე (ითამაშებს 30-ნომრიანი მაისურით), ხოსე პერალესი (1) და ომარ მიგინეიშვილი (13), მცველები ლუკა ლოჩოშვილი (3), ნიკა სანდოხაძე (4), უკრაინელი ფლანგის მცველი ივან ტრუბოჩკინი (31), ტოგოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი საიმონ ბენიო (19), ბრაზილიელი შემტევი პერნამბუკო (17), 20 წლის თავდამსხმელი თორნიკე ახვლედიანი (29), ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე (20), სლოვაკი ფილიპ ორშულა (18) და ირაკლი ბუღრიძე (22). გიორგი კუცია (21) გორის „დილაში“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა, ხოლო გიორგი პაპავამ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ 23 თებერვალს, საქართველოს სუპერთასის მატჩს თასის მფლობელ „საბურთალოსთან“ „დინამო თბილისი“ მისთვის უჩვეულო შავი ფერის მაისურებით ჩაატარებს. ამით დინამოელები 99 წლის წინ, 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში ღირსეულად გარდაცვლილი ქართველი იუნკერების ხსოვნას მიაგებს პატივს – „დინამოს“ მაისურზე მკერდთან იუნკერთა გმირულად გარდაცვლილ მეთაურთა გვარები ექნებათ ამოტვიფრული. ერთი მათგანი, შალვა ერისთავი პირველი ქართული საფეხბურთო კლუბის, „შევარდენი 1906“-ის დამფუძნებელი და ფეხბურთელი იყო.