„დინამო თბილისის“ მწვრთნელი - „მორნართან“ ყველაფერი თბილისში გადაწყდება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი ფერდინანდ ფელდჰოფერი მიიჩნევს, რომ, კონფერენს ლიგაზე ჩერნოგორიის „მორნარ ბართან“ პირველი მატჩის წაგების მიუხედავად, გამარჯვებულის ბედი თბილისში გაირკვევა.
„მატჩის დასაწყისი დამაკმაყოფილებელი იყო. აგრესიულები ვიყავით და პრესინგით მეტოქის მოედანზე ბევრი ორთაბრძოლა მოვიგეთ. გასატანად ორი შანსი გვქონდა, თუმცა არ გამოგვივიდა.
ამის შემდეგ იყო ჯარიმა ჩვენს კარში და ბურთის ასხლეტის შედეგად კარში უიღბლო გოლი მივიღეთ. ამან ყველაფერი შეცვალა. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ. სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 20 წელზე დაბალია და ბიჭებს ნერვიულობა დაეტყოთ. ამ დროს მეორე გოლიც გავუშვით.
მეორე ტაიმი დასაწყისიდანვე კარგი იყო. კვლავ აგრესიულები გავხდით და ინიციატივა ისევ მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ბოლოს გატანა მოვახერხეთ და ყველაფერი თბილისში გადაწყდება“, – ამბობს „დინამოს“ ავსტრიელი მწვრთნელი.
კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩში „დინამო თბილისი“ ჩერნოგორიის „მორნარ ბარს“ თბილისში 18 ივლისს უმასპინძლებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.